Capital Lawyers

მხარეთა დაპირისპირება სისხლის სამართალში

შენი უფლებები პირველ რიგში

ქართულ სისხლის სამართლის პროცესში, 2003 წლამდე, არსებობდა  საგამოძიებო მოქმედება „მხარეთა დაპირისპირება“, კერძოდ სსსკ-ის 314-ე მუხლის თანახმად, „ბრალდებულს უფლება ჰქონდა დაპირისპირებოდა ნებისმიერ პირს, რომელიც ამხელდა მას დანაშაულის ჩადენაში“. ეს პროცედურა ითვალისწინებდა უკვე დაკითხული ბრალდებულის, მოწმის ან დაზარალებულის ერთმანეთთან  დაპირისპირებას, იმ შემთხვევაში თუ მათ ჩვენებებს შორის არსებობდა შეუსაბამობა. დაპირისპირების მთავარი მიზანი იყო ამ შეუსაბამობის აღმოფვრა ან როდესაც საჭირო იყო ამათუიმ პირის სიცრუეში მხილება. დაპირისპირების დროს, ორივე მხარე წარმოადგენდა მომხდარის შესახებ საკუთარ ვერსიას. მათი ერთმანეთთან  დაპირისპირება შესაძლებელი იყო როგორც გამომძიებლის, ისე ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. თუ მხარე მოითხოვდა მეორე მხარესთან დაპირისპირებას, გამომძიებელი ვალდებული იყო გაერკვია, თუ რატომ, რის გამოსარკვევად მოითხოვდა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. ამ შემთხვევაში გამომძიებელი თავად წყვეტდა, დაპირისპირების ჩატარების აუცილებლობის საკითხს და სათანადოდ ემზადებოდა იმ შემთხევაში, თუ საჭიროდ მიიჩნევდა მის ჩატარებას. კერძოდ გამოყოფდა დაპრისპირების ჩატარების მიზანს, გამოსარკვევ საკითხთა წრეს, შეისწავლიდა მხარეთა მიერ ადრე მიცემულ ჩვენებებს, ადგენდა დაპირისპირების დროს  დასასვამ კითხვებს და მათ თანმიმდევრობას. დაპირისპირება შეიძლება ჩატარებულიყო ადრე უკვე დაკითხულ მოწმეებს, დაზარალებულსა და მოწმეს, დაზარალებულსა და ბრალდებულს, ბრალდებულსა და მოწმეს შორის.

314-ე  მუხლის მიხედვით, ირკვევა იცნობენ თუ არა ერთმანეთს დასაკითხი პირები და ერთმანეთთან  რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან. ამის შემდეგ მათ  რიგრიგობით ეძლევათ საშუალება მისცენ ჩვენება იმ გარემოების შესახებ რის გამოსარკვევადაც ტარდება დაპირისპირება. საბოლოოდ,  მათ ეძლევათ საშუალება ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. შესაძლებელია მოხდეს პირის ან საგნის ამოცნობა. დაპირისპირება მიმდინარეობს, დაკითხვის საერთო წესების დაცვით. 314-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „დაპირისპირებულთა წინა ჩვენებების გამოცხადება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენებებს მისცემენ დაპირისპირებისას და მათ შეიტანენ ოქმში“. მხარეებს გადაეცემათ დაპირისპირების ოქმი და უფლება ეძლევათ მათში შესწორებები და შენიშვნები შეიტანონ. ხოლო პროცდურის დასასრულს, თითოეულმა მონაწილემ ხელი უნდა მოაწეროს საკუთარ ჩვენებას.

შევეცდები განვიხილო დაპირისპირების დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველ რიგში დაპირისპირება თავის თავში გულისხმობს ორი პირის სასამართლო განხილვის სხდომისგან განცალკევებით ერთდროულად დაკითხვას. სასამართლო სხდომამდე მათ არ აქვთ ერთმანეთის ჩვენებების და არგუმენტების მოსმენის შესაძლებლობა. სასამართლო სხდომის ძირითადი მახასიათებელია ფორმალურობა და შეუძლებელია მოწინააღმდეგე მხარე აღიქვა, როგორც ინდივიდუალური უფლებების მქონე სუბიექტი, ხოლო დაპირისპირების დროს ხდება დაზარალებული/მოწმის და ბრალდებულის უშუალო კონტაქტი, ზედმეტი ფორმალობების გარეშე, რაც აადვილებს სიმართლის გამორკვევას. ამ პროცესის მეორე დადებით თვისებად ის მიმაჩნია, რომ ერთმანეთის პირიპირ ზის ორი ადმაიანი, რომლებმაც იციან რა მოხდა სინამდვილეში, რაც უფრო ართულებს ორივეს მხრიდან ტყუილის თქმის შესაძლებლობას. არ არის გამორიცხული დაპირისპირების პროცესში რომელიმე მხარის მიერ შეცდომის დაშვებაც, რადგან მხარეებს ერთმანეთთან დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა აქვთ, რაც გამომძიებელს უფრო ფართო ასპარეზს ანიჭებს, საქმის გახსნის კუთხით.

უარყოფითი მხარე შეიძლება ის იყოს, რომ დაპირისპირების პროცესში შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს მხარეებს შორის ურთიერთობა, ასევე შესაძლებელია დასაპირისპირებელმა პირებმა, ერთმანეთს აცნობონ გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების შესახებ ან თუნდაც რაიმეს მისანიშნებლად გამოიყენონ ეს პროცესი, თუმცა გამომძიებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს ამის თავიდან ასაცილებლად.

დაპირისპირების ინსტიტუტი ძირითადად გათვლისწინებულია კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სისხლის სამართლის პროცესში,  მაგალითად გერმანია,რუსეთი,  უკრაინა, ბელორუსეთი და ა.შ. ქვემოთ განხილულ იქნება თუ რა პროცედურები უნდა იქნეს სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით  დაცული დაპირისპირების დროს და  ის უფლებები და მოვალეობები რომლებიც მხარეებს და გამომძიებელს ენიჭებათ.

დაპირისპირების ინსტიტუტი გათვალისწინებულია, რუსეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეთხუთმეტე თავის მთელი რიგი მუხლებით, კერძოდ მისი 172-ე მუხლი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენებებს შორის არსებობს შეუსაბამობა,  გამომძიებელს შეუზლია უკვე დაკითხული პირები დააპირისპიროს ამ შეუსაბამობის გამოსარკვევად.  173-ე მუხლით გათვალისწინებულია ის პროცედუები, რომლის დაცვას აუცილებელია ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს, კერძოდ,დაპირისპირება მიმდინარეობს დაკითხვის საერთო წესებით. დაპირისპირებისას ირკვევა იცნობენ თუ არა ერთმანეთს პირები რომლებიც იკითხებიან და ერთმანეთთან  რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან. ამის შემდეგ პირებს რიგრიგობით ეძლევათ საშუალება მისცენ ჩვენება იმ გარემოების შესახებ, რის გამოსარკვევადაც ტარდება დაპირისპირება. საბოლოოდ მათ ეძლევათ საშუალება ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები.174-ე მუხლის მიხედვით, დაპირისპირებისას შეიძლება წარედგინოს დასაკითხ პირს რაიმე სახის მტკიცებულება, რათა მოხდეს მისი იდენტიფიცირება და შედარება თავდაპირველ ჩვენებებთან. 175-ე მუხლი კი ამბობს, რომ შესაძლებელია მოხდეს პირის ან საგნის ამოცნობა.  176-ე მუხლი აწესრიგებს ამოცნობისას ოქმების შედგენის თავისებურებებს:  გამომძიებელი აწარმოებს ყველა იმ დოკუმენტს რაც გათვალისწინებულის დაკითხვის პროცესში.ასევე გათვალისწინებულია ადვოკატის დასწრების და მის მიერ კითხვების დასმის უფლება და დაპირისპირების ვიდეო ან აუდიო ჩაწერა.

გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვლისწინებს დაპირისპირების შესაძლებლობას კერძოდ მისი 58-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოწმე შესაძლებელია დაპირისპირებულ იქნეს სხვა მოწმესთან ან ბრალდებულთან, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება შემდგომი პროცედურების განხორციელებისთვის.

სომხეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ გამომძიებელს აქვს უფლება,დააპირისპიროს ადრე უკვე დაკითხული ორი პირი, რომელთა ჩვენებებში არსებითი შეუსაბამობაა.მხარეები გაფრთხილებულები არიან იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც დაეკისრებათ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან არსებითან არასწორი ჩვენების მიცემისთვის.  ასევე იმ უფლების შესახებ რომ არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის ან ახლობელი ადამიანის წინააღმდეგ.გათვალისწინებულია ადვოკატის მონაწილეობა პროცესში ასევე, დაპირისპირების თაობაზე დგება ოქმი საერთო წესების დაცვით.

ბულგარეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩვენებებს შორის არსებითი შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მხარეების დაპირისპირება.მეორე ნაწილის მიხედვით, დაპირისპირებისას ირკვევა მხარეების ურთიერთდამოკიდებულება და ის ფაქტი იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს გამოძიების დაწყებამდე. მესამე ნაწილი ითვალისწინებს, რომ გამომძიებლის ნებართვით, მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები.

დაპირისპირება გათვალისწინებულია ასევე ესტონეთის სისხლის სამართლის პროცესში, კერძოდ კოდექსის მე-4 თავის 77-ე მუხლის მიხედვით, სეშესაძლებელია მოხდეს მხარეთა დაპირისპირება, თუ მათ მიერ მიცემული ჩვენების განმარება სხვაგვარად შეუძლებელია, შეუსაბამობის გამო. მეორე ნაწილის მიხედვით უნდა გამოირკვეს ურთიერთდამოკიდებულება და დაესვათ შეკითხვები რიგრიგობით. მესამე ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირებისას შესაძლოა მოწმემ პირვანდელი ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცეს რაც უნდა იქნეს მიღებული.მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან კითხვები, გამომძიებლის ნებართვით, საჭიროების შემთხვევაში, გამომძიებელს შეუძლია შეცვალოს დასმული კითხვის არსი.78-ე მუხლის მიხედვით,  დაკითხვისას უნდა მოხდეს ჩვენების ზედმიწევნითი ჩაწერა. თუ ერთერთი მხარე შეცვლის ჩვენებას აუცილებელია ეს პროცედურა მოხდეს განმარტებით და ჩანაწერზე ხელმოწერით.

ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით შესაძლებელია ადრე უკვე დაკითხული პირების დაპირისპირება, მათ ჩვენებებს შორის არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში. 158-ე მუხლი ითვალისწინებს დაპირისპირების პროცედურულ ნორმებს, კერძოდ, ძირითადად დაპირისპირებისას გამოიყენება ის პროცედურები, რაც დაკითხვისას. ირკვევა დასაპირისპირებელი პირების ვინაობა, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს გამოძიების დაწყებამდე და როგორი იყო მათი ურთიერთდამოკიდებულება. დაკითხვისას მხარეებს შესაძლოა დაესვათ კითხვები იმ გარემოებათა შესახებ რისი გამორკვევაც მნიშვნელოვანია გამოძიების ინტერესებისათვის, რათა აღმოიფხვრას შეუსაბამობა.მხარეებს უფლება აქვთ ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები უფლებამოსილი პირის თანხმობით. უფლებამოსილ პირს კი შეუძლია ის კითხვები რომელიც არსებითად არის არის კავშირში საქმის გარემოებებთან გააუქმოს ან შეცვალოს. აღსანიშნავია რომ ლიტვიის სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს ვის შეუძლია მხარეთა დაპირისპირების პროცედურის წარმართვა. პროცედურისას ხდება მხარეთა ჩვენებების ჩაწერა ხოლო დასასრულს მხარები ხელს აწერენ საკუთარ ჩვენებას.

მონღოლეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს, კერძოდ ბრალდებულსა და მოწმე/დაზარალებულის ჩვენებებს შორის, შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში,  გამომძიებელს უფლება აქვს ერთმანეთს დააპირისპიროს უკვე დაკითხული პირები. დაპირისპირების დაწყებამდე მხარეები უნდა იქნენ გაფრთხილებული ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და არსებითად არასწორი ჩვენების მიცემისთვის პასუხისმგებლობის შესახებ. დაპირისპირების დაწყებამდე ირკვევა მათი ურთიერთდამოკიდებულება, შემდეგ მათი წინა ჩვენებების გათვალისწინებით ხდება კითხვების დასმა სათითაოდ. დასაკითხ პირებს შეუძლიათ ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები გამომძიებლის თანხმობით. თუ დაპირისპირებისას მხარის ჩვენება ეწინააღმდეგება წინათ მიცემულ ჩვენებას, მხარე ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება ამის შესახებ. ჩვენება უნდა იქნეს ჩაწერილი და პროცედურის დასასრულს მხარეთა მიერ ხელმოწერილი.

პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით დაკითხული პირები შესაძლებელია დაპირისპირებული იქნენ, ჩვენებებს შორის შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით.

რუმინეთის სისხლის სამართილს საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულია, დაპირისპირება იმ შემთხვევაში თუ მხარეთა ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა და აუცილებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების გამოსარკვევად.დაპირისპირებული მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მისცენ ჩვენება არსებული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ და ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები.

სერბეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდესის 89-ე მუხლის მიხედვით,  ბრალდებული, შესაძლებელია დაპირისპირებული იქნეს მოწმესთან, თუ მათი ჩვენები დადგენილ ფაქტებს ეწინააღმდეგება. დაპირისპირებული მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გაიმეორონ, უკვე მიცემული  ჩვენება სადავო საკითხთან დაკავშირებით.

შვეიცარიის  სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლის მეორე ნაწილი მოიცავს დაპირისპირების ცნებას. კერძოდ, პირები შესაძლებელია დაპირისპირებულ იქნენ მათ ჩვენებებს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხევვაში, გამონაკლისის გარეშე. კოდექსი ასვე ითვალისწინებს იმ პირების დაპირისპირების შესაძლებლობას, რომელთაც უფლება აქვთ არ მისცენ ჩვენება. დაპირისპირება არ შედგება  ინტერესთა კონფლიქტის დროს.თუ რა იგულისხმება ინტერესთა კონფლიქტში დაკონკრეტებული არ არის.

თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი მოიცავს მოწმის დაკითხვის და მხარეების დაპირისპირების მაწესრიგებელ ნორმებს. მისი პირველი ნაწილი ამბობს რომ მოწმე უნდა იქნეს დაკითხული განცალკევებით, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, შესაძლებელია მხარეთა დაპირისპირება საჭიროების შემთხვევაში. დაპირისპირების პროცესში გათვალისწინებულია ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის გაკეთება. ასეთი ჩანაწერის გაკეთება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მოწმე არის არასრულწლოვანი მსხვერპლი.

ამგვარად დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას,რომ დაპირისპირების ინსტიტუტი ერთერთი ეფექტური საგამოძიებო მოქმედებაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მთელი რიგი წინააღმდეგობების აღმოფხვრა.  დაპირისპირების აზრია გამოირკვეს ის მიზეზები, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენებებს შორის წინააღმდეგობას. ამ პროცესის დროს მხარეებს უშუალო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან, რაც დიდ პლიუსად მიმაჩნია. არსებითად ორივე მხარემ იცის სიმართლე ხოლო გამოძიების მიერ ხდება ისეთი გარემოს შექმნა, რომლის დროსაც მხარეებს ურთულდებათ ამ სიმართლის დამალვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ხერხი საკმაოდ ეფექტურია, შექმნილი  ინტიმურობის ფაქტორის დამსახურებით, სიმართლე ისედაც ნათელია ორივე მხარისთვის.

ელენე ქიშმარია