Capital Lawyers

პატიმრის პირადი სივრცე

შენი უფლებები პირველ რიგში

შესავალი

თემის აქტუალობა – წინამდებარე ნაშრომი შეეხება “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების მოქმედებას მსჯავრდებული პირებზე. აღნიშნული მუხლი ფართო მნიშვნელობით განიმარტება, შესაბამისად არ შევეხებით მის ყველა ასპექტს. თემაში საუბარი იქნება პატიმრის უფლებაზე პატივი სცენ მის კორესპონდენციას. უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ის შეიძლება შეიზღუდოს კანონით, ხოლო პენიტენციურ სისტემაში, ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი საკმაოდ მაღალია,  განსაკუთრებით  იმ ფონზე, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის შესაბამის თანაზომიერ მიდგომას საჭიროებს, რაც საკითხის მრავალმხრივ შესწავლას მოითხოვს. ნაშრომის ფარგლებში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:

  1. ექცევა თუ არა აღნიშნული საკითხი მე-8 მუხლით დაცულ სფეროში?
  2. რა არის უფლების მართლზომიერი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები?
  3. რა არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები?
  4. რა საკანონმდებლო რეგულაციები იცავს პატიმარს, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე?
კვლევის ფარგლებში გავეცნობით, როგორც საერთაშორისო ისე ეროვნულ კანონმდებლობას, გავავლებთ მათ შორის პარალელებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამ უფლების დარღვევის ფაქტების და სტატისტიკური მონაცემების გამოსაკვეთად გავეცნობით საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებს. ასევე განვიხილავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.კვლევის მიზანი – წინამდებარე ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, იმის დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებს და არსებული ხარვეზების გამოკვეთა.კვლევის მეთოდი – წინამდებარე ნაშრომში მოხდება საქართველოს კანონმდებლობის/პრაქტიკის შედარება  საერთაშორისო სამართლის მიერ დადგენილ სტანდარტებთან.ნაშრომის სტრუქტურა  – წინამდებარე ნაშრომი შედგება შესავლის, ძირითადი ნაწილის და დასკვნისაგან.

თავი I – საერთაშორისო სტანდარტები:

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, რომელიც ძირითადად ორ ასპექტში განიხილება. პირველი პუნქტი ადგენს, პირის უფლებას პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. პატიმრის მიმოწერის პატივისცემის უფლება სხვებთან უწყვეტი და კონტროლის გარეშე კომუნიკაციის უფლებაა. ტერმინ „მიმოწერის“ მნიშვნელობა მოიცავს სატელეფონო კომუნიკაციასა და კომუნიკაციას ტელეტექსტის მეშვეობით. ადამიანის უფლებათა სამივე ინსტრუმენტის შემუშავების შემდეგ, ნახევარი საუკუნის მანძილზე, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი მოითხოვს „მიმოწერის” ფართო ინტერპრეტაციას. ის მოიცავს ტელეგრამებს, ტელექსურ შეტყობინებებს  ფაქსიმილურ წერილებს და თვით მიმოწერას ინტერნეტის (ელექტრონული ფოსტის) მეშვეობით. უკანასკნელ პერიოდში მასვე უნდა მივაკუთნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფორმით წერილის გაგზავნა[1]. ერთი პირის მიერ მეორესთვის ჟურნალების გადაცემა კომისიის მიერ განხილული იქნა მიმოწერად. თუმცა უფრო მართებული იქნება, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ კომუნიკაციად განვიხილოთ. სურათები შეიძლება წარმოადგენდეს ტრადიციული კორესპონდენციის ან ციფრული, მათ შორის, მობილური ტელეფონით გაგზავნილი შეტყობინებების ნაწილს, რაც ასევე უნდა ჩაითვალოს მიმოწერად[2].არსებობს მრავალი სახის ჩარევა, მათ შორის წერილის გახსნა, შესწავლა, მონიტორინგი, ინსპექტირება, დათვალიერება, წაკითხვა, შეჩერება ან შეფერხება. თვით წერილის ინსპექტირებისა და შესწავლის შესაძლებლობის არსებობა წარმოადგენს ჩარევას, ვინაიდან წერილის ავტორს მოუწევს მისი შინაარსის ადაპტაცია. წერილის გახსნა საკმარისია ჩარევისთვის. აუცილებელი არ არის, რომ წერილის წაკითხვა განხორციელდეს. ზოგჯერ რთულია იმის განსაზღვრა, სად ავლებს სასამართლო ზღვარს კონვენციის დარღვევასა და დარღვევის არარსებობას შორის. მან გადაწყვიტა, რომ დარღვევას არ ჰქონდა ადგილი, როდესაც წერილის გაგზავნა სამი კვირით შეფერხდა, რადგან განსახილველი საკითხი არ იყო „იმდენად სასწრაფო”.ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ჯეროვან გარანტიებს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად ან თვითნებურად გამოყენების საწინააღმდეგოდ. ამ გარანტიების შეფასებისას ევროპული სასამართლო ყურადღებას აქცევს საქმის ყველა გარემოებას, მათ შორის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან განხორციელებულ ჩარევასთან დაკავშირებული ღონისძიების ხასიათს, ფარგლებსა და ხანგრძლივობას, ღონისძიების გატარების საფუძვლებს, იმ ორგანოების უფლებამოსილებასა და კომპეტენციას, რომლებსაც შეუძლიათ, გასცენ ნებართვა შესაბამისი ღონისძიების განხორციელებაზე, აღასრულონ ეს ღონისძიება და ზედამხედველობა გაუწიონ ღონისძიების ჯეროვნად აღსრულებას[3];კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს დათქმას, რომლის მიხედვითაც უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შეიძლება შეიზღუდოს კანონით. შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და ამასთანავე მისაღები უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისათვის. აღნიშნული ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტურ დაცვას. ხშირ შემთხვევაში პატიმრების კორესპონდენციის შეზღუდვა, შეიძლება გამართლებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთი კანონიერი მიზნის მიღწევის საფუძვლით, კერძოდ:
  1. ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის საფუძველზე
  2. ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის.
  3. უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
კორესპონდენციის პატივისცემის უფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დაპატიმრებული დამცველთან ახორციელებს მიმოწერას. საქმეზე ,,გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრისათვის ხელის შეშლა, თავის ადვოკატთან ეწარმოებინა მიმოწერა, წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. მართალია, წარმოდგენილი არგუმენტების თანახმად, პატიმართა მხრიდან კონვენციით განმტკიცებული უფლებების განხორციელება ითვალისწინებდა შეზღუდვებს, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულის მიმოწერის პატივისცემის უფლების განხორციელების შეზღუდვის აუცილებლობა, აღქმულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის ჩვეულებრივი და გონივრული მოთხოვნების გათვალისწინებით. სხვა საქმეში, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ადვოკატისა და კომისიისათვის გაგზავნილი წერილები გაიხსნა და წაკითხულ იქნა ციხის ადმინისტრაციის მიერ, რამაც სასამართლოს შესაძლებლობა მისცა დაეწესებინა განსაზღვრული მითითებები, თუ როგორ და როდის შეეძლო ადმინისტრაციას გაეხსნა პატიმართა მიმოწერა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პატიმრის მიმოწერა ადვოკატთან პრივილეგირებულია მე-8 მუხლის მიხედვით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, სადაც ადვოკატისთვის მისი კლიენტის პირადად მონახულება შეიძლება უფრო რთული იყოს, მაგალითად, ციხესთან მოშორებული ადგილმდებარეობის გამო. შესაბამისად, ამ უფლების შეზღუდვა მოითხოვს მნიშვნელოვან გამართლებას. სასამართლომ განაცხადა, რომ ადვოკატთან კონფიდენციალური მიმოწერის მიზნის მიღწევა შეუძლებელია მაშინ, როდესაც კომუნიკაციის ეს საშუალებები ექვემდებარება ავტომატურ კონტროლს[4]. ამგვარად, ნებისმიერი ასეთი სახის შეზღუდვა მოითხოვს მყარ არგუმენტაციასა და გამართლებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებული დაცვა, რომლითაც სარგებლობს პატიმარსა და მის ადვოკატს შორის წარმოებული მიმოწერა, გულისხმობს იმას, რომ ციხის ადმინისტრაციას შეუძლია გახსნას ადვოკატისაგან პატიმრის სახელზე შემოსული წერილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, „როდესაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ვარაუდისათვის, რომ წერილი შეიცავს უკანონო მასალას, რომელიც ვერ იქნა აღმოჩენილი შემოწმების ჩვეულებრივი საშუალებით“[5]. მიუხედავად ხსენებულისა, წერილი შეიძლება გაიხსნას, მაგრამ არ უნდა იქნეს წაკითხული. ჯეროვანი გარანტიები უნდა იქნეს დაცული წერილის წაკითხვის წინააღმდეგ, მაგალითად, წერილის გახსნა პატიმრის თანდასწრებით.კონვენციის მე-8 მუხლის მსგავს დათქმას ითვალისწინებს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის“ 23-ე მუხლი: „არავინ უნდა განიცადოს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ასევე, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ხელყოფა“. თვითნებური ხელყოფა უნდა მივიჩნიოთ შემთხვევად, როდესაც არ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი უფლების შეზღუდვისა და მიუხედავად ამისა ხდება ჩარევა.„ევროპული ციხის წესები“ თავისი სპეციფიკიდენ გამომდინარე უფრო ავიწროვებს უფლების რეალიზების ფარგლებს და განსაზღვრავს: „პატიმრებს ნებართვა უნდა მიეცეთ, რაც შეიძლება ხშირად იქონიონ ურთიერთობა წერილით, ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებით თავიანთ ოჯახებთან, სხვა პირებთან და გარე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე დაენიშნოთ პაემნები ამ ადამიანებთან“. თუმცა, მანდვე ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც შესაძლოა პატიმრის მიერ განხორციელებული კომუნიკაცია დაექვემდებაროს შემოწმებას: „კომუნიკაციები და პაემნები შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს და მონიტორინგს, რომელიც საჭირო იქნება სისხლის სამართლის გამოძიების გასაგრძელებლად, წესრიგის შესანარჩუნებლად, უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველსაყოფად და სისხლის სამართლის დანაშაულთა აღსაკვეთად, დანაშაულის მსხვერპლთა დასაცავად, მაგრამ სასამართლო ხელისუფლების მიერ დაწესებული ასეთი შეზღუდვები, მათ შორის კონკრეტული შეზღუდვები, მაინც უნდა იძლეოდეს კონტაქტის დასაშვებ მინიმალურ დონეს“. გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციამ უნდა დააკონკრეტოს იმ პირთა წრე, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე, რომლებთან კომუნიკაციაც პატიმრებს არ უნდა შეეზღუდოთ.

თავი II – საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა:

ეროვნულ დონეზე პირადი კომუნიკაცია დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, რომლის თანახმადაც, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. აღნიშნული დათქმა, კონვენციის მე-8 მუხლის მსგავსი შინაარსის მატარებელია და ზოგადი ხასიათის გარანტიებს იძლევა, როგორც ორიენტირი სპეციფიკური საკითხების რეგულირებისას. ამასთან ადგენს, რომ უფლების შეზღუდვა არის შესაძლებელი, თუმცა ამისათვის უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება ან გადაუდებელი აუცილებლობა. იმ ფონზე, როდესაც კონვენციის მე-8 მუხლი შეზღუდვის გამართლებისათვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას მოითხოვს, კონსტიტუციის მე-20 მუხლი ძალიან ზოგად დათქმას აკეთებს და არ აკონკრეტებს თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს გადაუდებელ აუცილებლობად. აღნიშნული ნორმა საკმაოდ ბუნდოვანია და რთულია იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება პატიმართა პირადი ხასიათის უფლებების დაცვის კუთხით.„პატიმრობის კოდექსი“, რომელიც აწესრიგებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან მოპყრობის წესებს, განამტკიცებს კონსტიტუციის მე-20 მუხლში გათვალისწინებულ გარანტიებს პატიმრების მიმართ. კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-4 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაუცნობლად. უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პატიმრობის კოდექსით პატიმრებს შეზღუდული აქვთ ერთმანეთთან წერილობითი კომუნიკაცია. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული შეზღუდვის მიზანი ლეგიტიმურად? აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი თავის 2016 წლის ანგარიშში, არ მიაჩნევს მიზანშეწონილად მსგავსი შინაარსის ბლანკეტური შეზღუდვის დაწესებას. იგი ამ მოსაზრებას ასაბუთებს შეზღუდვის მიზანთან არაპროპორციულობით  და აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის ამ სახის კომუნიკაცია შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების არსებობისას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს ინდივიდუალურად.„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულება“ ადგენს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და ადმინისტრაციის კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და შესაბამის სოციალურ მუშაკს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე. დადგენილია, რომ შესაბამისი რისკის მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება მხოლოდ გამომძიებლის/პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ეს და რა უნდა იყოს შეზღუდვის გამართლების საფუძველი.საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების თანახმად,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხშირია პატიმრების ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ დაწერილ საჩივრებს ზოგჯერ არ იბარებენ ან არ აგზავნიან. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ საჩივრებს, რომლებიც დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების უფლების დარღვევას შეეხება. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაცია აგზავნის პატიმრების საჩივრებს, თუმცა ამ უკანასკნელთათვის მიუწვდომელია გაგზავნილი წერილის მდგომარეობა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაც გაუგებრობებს იწვევს. აღნიშნული ცალსახად ეწინაღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისევე, როგორც პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ დათქმას,

დასკვნა:

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები პატიმრის პირადი კომუნიკაციის დაცვის სფეროში, შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს, იმის მიუხედავად, რომ არის ბუნდოვანი ნორმები, რაც ხშირად პრაქტიკაშიც ჰპოვებს გამოხატვას. დარღვევები არსებობს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს უფლების დაცვის ქმედითი გარანტიების არაარსებობით.  გარდა ამისა, ზოგჯერ რთულია იმის განსაზღვრა, სად შეიძლება ზღვარის გავლება დარღვევასა და დარღვევის არარსებობას შორის, იმ ფონზე, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. ყოველთვის არის იმის რისკი, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია კანონის ნორმებს, რომლებიც შეზღუდას უშვებენ, ბოროტად გამოიყენებენ, თუმცა ამის შესაძლებლობა ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს. კანონის ხარვეზებს ემატება სასამართლო პრაქტიკის არარსებობა, რაც გამოწვეულია ნეგატიური დამოკიდებულებით სასამართლო ხელისუფლების მიმართ. პატიმრების სკეპტიკური დამოკიდებელება იმით არის განპირობებული, რომ მათ უფლებებში რეგულარულად ხდება ჩარევა, ისე რომ ისინი ვერ ახერხებენ უფლებამოსილ ორგანოებს მიაწვდინონ ხმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო დონეზე საკითხის მეტნაკლებად მოწერიგების მიუხედავად, პრაქტიკაში საკმაო ხშირია პატიმრის პირადი კომუნიკაციის უფლების დარღვევა და ეს ფაქტები ხშირ შემთხვევაში არ მიდის უფლებამოსილ ორგანოებამდე.

ბიბლიოგრაფია:

  1. ტრექსელი, შტეფან. 2009. ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში. Oxford University Press.
  2. Campbell and Fell v. the United Kingdom,. 1992. 13590/88 (The European Court of Human Rights, March 25 ).
  3. CHRISTIE V UNITED KINGDOM. 1993. 21482/93 (The European Commission of Human Rights, February 24 ).
  4. Golder v. the United Kingdom. 1975. 4451/70 (The Europian Court of Human Rights, February 21).
  5. X v UNITED KINGDOM. 1978 . 7308/75 (THE EUROPIAN COURT OF HUMAN RIGHTS, October 12).

[1] CHRISTIE V UNITED KINGDOM, 21482/93 (The European Commission of Human Rights 1993 წლის 24 February ).[2] X v UNITED KINGDOM, 7308/75 (THE EUROPIAN COURT OF HUMAN RIGHTS, 1978 წლის 12 October ).[3] ტრექსელი, შ. (2009). ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში. Oxford University Press.[4] Campbell and Fell v. the United Kingdom,, 13590/88 (The European Court of Human Rights 1992 წლის 25 March ).[5] Golder v. the United Kingdom, 4451/70 (The Europian Court of Human Rights 1975 წლის 21 February).