Capital Lawyers

პერსონალური მონაცემების დაცვა ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების განხორციელების პროცესში

შენი უფლებები პირველ რიგში

Statue of Themis on a green grass background. Symbol of justice and law, crime and punishment.

მე მინდა ვისაუბრო საკითხზე, რომელიც დღესდღეობით თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და განხილვის საგანია ჩვენს ქვეყანაში- ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად პერსონალური მონაცემების მოპოვების კანონიერებასა და სამართლიანობაზე და პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემების დაცვის სტანდარტებზე ჩვენს ქვეყანაში. შევეხები ისეთ საკითხებს, როგორიც არის “საქართველოს კონსტიტუციით” და “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით” გათვალისწინებული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სტანდარტი,როგორც ყველა სხვა ნორმის საფუძველი.განვიხილავ “ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს და პროცედურებს და იმ საკითხს როგორ რეგულირდება ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოდექსით“, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველმყოფი კანონის ძალის მქონე აქტით.ვისაუბრებ როგორ, რატომ, რა ვითარებაში და რა საფუძვლით არის შესაძლებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და როგორ ხდება სისხლის სამართლის პროცესში მისი განხორციელება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით. განვიხილავ ჩემს აზრს, იმის შესახებ, რა არის მიზეზი კანონდარღვევებისა და რა უნდა გაკეთდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დონის ასამაღლებლად.

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა და არავის აქვს მისი შეზღუდვის უფლება სასამართლოს გარდა. ამას ამბობს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილი. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დანაშაულის გახსნის ინტერესი აღემატება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესს.ადამიანის უფლებაა წარმართოს თავისი ცხოვრება სურვილისამებრ და როდესაც მისი ეს უფლება ირღვევა სხვა წარმონაქმნის მიერ, ეს მიუთითებს არა მარტო უფლების, არამედ ადამიანის დაუცველობის დაბალ ხარისხზე. ინფორმაციას დიდი ძალა აქვს და ამა თუ იმ ვითარებაში უმნიშვნელო დეტალის გახმაურებასაც კი სუბიექტის ნების საწინააღმდეგოდ,  შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში გარდატეხის შეტანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღევანდელ სინამდვილეში პიროვნების ამ კონსტიტუციური უფლების ყველაზე ხშირი და უხეში დამრღვევი, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან შექმნან და განამტკიცონ მისი დაცვის სტანდარტები და მექანიზმები.ხშირად ასეთი დარღვევა შენიღბულია სამართლიანობის აღდგენის მოტივით. ეს მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფო დანაშაულის გამოვლენის ან/და პრევენციის საფუძვლით იყენებს მის ხელთ არსებულ საშუალებას განახორციელოს ადამიანის პერსონალური ინფორმაციის შემცველი სატელეფონო საუბრის მოსმენა, ვიდეოთვალთვალის განხორციელება ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებების გამოყენება ამ მიზნით. რასაკვირველია მიზანი დიადი და ნათელია- დანაშაულის გამოვლენა და სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევამ ისეთი გზით, როგორიცაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების უკანონოდ დარღვევა, შეიძლება გარკვეულწილად გამოავლინოს დანაშაული, მაგრამ უარყოფითი შედეგები უფრო მეტი და მაშტაბური გამოიწვიოს; ვგულისხმობ, რომ თავისთავად ფაქტი, რომ ხდება პირად ცხოვრებაში უხეში და უკანონო ჩარევა, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან, აკნინებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და მაშასადამე უმაღლეს ღირებულებას-ადამიანის თავისუფლებას. კნინდება ადამიანის ღირსება და ჩნდება არადემოკრატიული გარემო, რაც ქვეყანაში კანონდარღვევების უკვე საზოგადოების მხრიდან განხორციელების საფუძველი ხდება. შედეგად ვერ მიიღწევა მთავარი მიზანი- დანაშაულის პრევენცია.მეტიც იმატებს სურვილი საზოგადოებაში, განახორციელოს აკრძალული ქმედება, რადგან გარემოა არაჯანსაღი, რაც შეუძლებელს ხდის მოქალაქის მიერ პოზიტიური ვალდებულებების დაცვას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი ამბობს:“გამოძიების პროცესში მხარეს არ აქვს უფლება, თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.“ მუხლის ეს ნაწილი განამტკიცებს და ეთანხმება კონსტიტუციის მეოცე მუხლს, მაგრამ უფრო აკონკრეტებს სუბიექტებს- ყოფს გამოძიების და ბრალდებულის მხარეებად და იცავს ბრალდებულის უფლებას გამოძიების მხარის თვითნებურად ჩარევისგან. ეს მუხლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს აქვს ყველა საშუალება საჭიროებისამებრ შეზღუდოს ადამიანის კანონით დაცული უფლებები. ის მოქალაქეზე და საზოგადოებაზე ძლიერია და მას აქვს საშუალება მათზე ზემოქმედებისა, როგორც ეს,მაგალითად კომუნიზმის რეჟიმში ხდებოდა, სადაც უფრო მეტად ანალოგიებით ხელმძღვანელობდნენ და არა ლეგალობის პრინციპით. ყველა დემოკრატიული წყობის საზოგადოებაში აუცილებელია არსებობდეს ასეთი ჩანაწერი, რადგან შეიძლება სახელმწიფოს „მიზანმა გაამართლოს საშუალება“ და სამართლიანობის აღდგენის სახელით, უფრო დიდი უსამართლობა განახორციელოს.

სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილს მიხედვით:“ საპროცესო მოქმედების ჩამტარებელმა არ უნდა გაამჟღავნოს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია.“ ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა კანონმდებლის მიერ, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ირღვევა და ხდება პირადი ხასიათის ცნობების გასაჯაროება. რიგ შემთხვევებში ამ დარღვევამ შესაძლოა საკმაო ზიანი მიაყენოს ბრალდებულს და მის გარემოცვას. ამის თავიდან ასაცილებლად ან/და გამოსასწორებლად კანონი ამავე მუხლის მესამე ნაწილში ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს ასეთი ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს სასამართლოსთვის მიმართვის გზით. ეს დათქმაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან მცირდება ასეთი გადაცდომის რისკები, ხოლო თუ მაინც მოხდება გამოძიების მხარე ზიანს აანაზღაურებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა ფარული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების ჩატარების საკითხებს არ აწესრიგებს ამომწურავად. არ არის განსაზღვრული რა მიზნით, რა ფარგლებში, რა საფუძველზე უნდა იქნეს მხარის უფლება შეზღუდული. მართლაც საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გადაუდებელი აუცილებლობისას გადაწყვეტილების გარეშე, არის შესაძლებელი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა.ზოგადად, ამ ხერხს მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა გამოძიებისთვის იყენებენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ სტატისტიკურად დღესდღეობით დანაშაულების 90% ამ ხერხით არის გახსნილი, გამოძიების მხარის არაკომპეტენტურობასა და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს. უცხოეთის პრაქტიკით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში, როდესაც შედეგის მიღწევა სხვა საშუალებით შეუძლებელია. რასაკვირველია კონსტიტუციაში განსაზღვრული დათქმა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლების დარღვევა დაუშვებელია მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულ დაცვას, რადგან არასოდეს არ არის გამორიცხული სასამართლოს სუბიექტური დამოკიდებულება, გადაწყვეტილების გამოტანის დროს. აუცილებელია კანონში გაიწეროს ის გარემო პირობები და როდესაც მიზანშეწონილი იქნება დამუშავების გამოყენება და დამუშვების ფარგლები.

საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოდექსი“, სადაც აღწერილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობის რაობა და ფუნქციები.ამ კანონის მეორე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის თანამდებობის პირი, რომელიც პასუხუსმგებელია მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე. მართალია, ის არის ერთერთი პირი ვისაც აქვს ე.წ.“ გასაღებთან“ წვდომა, მაგრამ სრული კონტროლი მისი მხრიდან მექანიზმის გამოყენებისა შეუძლებელია მანამ, სანამ რომელიმე არანეიტრალურ ორგანოს აქვს ფარულ მოსმენების ტექნიკურ საშუალებებთან პირდაპირი წვდომის მექანიზმი…ამ მექანიზმზე პასუხისმგებელი ორგანოს ერთერთი მახასიათებელი უნდა იყოს ნეიტრალურობა, მისი მიზანი უნდა იყოს მხოლოდ გამოყენების საჭიროების შეფასება.2014 წლის 1 დეკემბრის პარლამენტის გადაწყვეტილებით ფარულ მოსმენების ტექნიკურ საშუალებებთან პირდაპირი წვდომის მექანიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩა. შსს არის სახელმწიფო ორგანო და შესაბამისად ე.წ.“გასაღების“ მის ხელში არსებობა შესაძლოა ზრდიდეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების რისკს. მართლაც, ისეთი დაბალი სამართლებრივი შეგნებისა და კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ხელშემშლელი ფაქტორები ამისა ძალიან ცოტაა, თითქმის არ არსებობს, ისევე როგორც მიზეზია ცოტა იმისა, თუ რატომ არ უნდა გამოიყენოს მექანიზმი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის სასურველ დროს. 2015 წლიდან ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 პრიმა  მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ“ ორგასაღებიან სისტემას“, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა.აღნიშნული სისტემის მიხედვით, ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ფაქტიც, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ არის ნეიტრალური პირი, რადგან მისი თანამდებობრივი მოვალეობაა, რომ მონაცემი უკანონო გამჟღავნებისგან დაიცვას. შესაბამისად არ იქნება მიზანშეწონილი, რომ  ფარულ მოსმენების ტექნიკურ საშუალებებთან პირდაპირი წვდომის მექანიზმი მხოლოდ მის ხელში იყოს, რადგან აღარ დარჩება ადამიანი რომელსაც მასზე კონტროლის ფუნქცია ექნება. ეს ნიშნავს რომ გარკვეულწილად მიღებული გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს მიზნის ეფექტურად მიღწევას. საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კოტროლის შედეგებს ინსპექტორი და შინაგან საქმეთა მინისტრი წელიწადში ორჯერ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენენ.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლითაა გარანტირებული, რომელიც საქართველოს მიერ 1999 წელს იქნა რატიფიცირებული, შეიძლება მუდმივად შელახვის რისკის ქვეშ დადგეს, რადგან ფარული მიყურადების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს ხელისუფების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.საკანონმდებლო რეჟიმი არ შეიცავს თვითნებური მოსმენის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ რაიმე დაცვის მექანიზმს, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებით არის გათვალისწინებული.ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი კონკრეტულად არ განსაზღვრავს იმ პირთა კატეგორიებს, რომლებზეც შეიძლება გავრცელდეს სატელეფონო მოსმენა თუმცა, მესამე მუხლი, რომელშიც ჩამოთვლილია ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის ამოცანები, იძლევა საშუალებას, დადგინდეს იმ გარემოებათა კატეგორიები, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ ფარულ მიყურადებას, მაგალითად: მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია,პირის ძებნა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენის მიზნით, რომელიც თავს არიდებს გამოძახებას, იძულებითი ღონისძიების განხორციელებას ან სასჯელის მოხდას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული ქონების ძებნა, ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება, უგზო უკვლოდ დაკარგულის ძებნა..   ჩარევა უნდა იყოს კანონის შესაბამისი. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ღონისძიებას უნდა გააჩნდეს გარკვეული საფუძველი ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში. მეორე რიგში, იგი თავსებადი უნდა იყოს კანონის უზენაესობის პრინციპებთან და ეთანხმებოდეს მას.

შეიძლება ითქვას რომ ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული „გონივრული ეჭვის“ შემოწმების მოთხოვნას, შეიძლება მოხვდნენ იმ პირთა კატეგორიაში, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ ფარულ მიყურადებას. რაც შეეხება გარეშე პირებს, ანუ იმ პირებს რომელთა წინააღმდეგაც არ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, მაგრამ ისინი შეიძლება რაიმე ფორმით დაკავშირებულნი იყვნენ საქმესთან, მათი დაცვის მექანიზმზე კანონი არაფერს ამბობს.

ოპარატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი შეიცავს რამდენიმე დებულებას ფარული მიყურადების გზით მიღებული მონაცემების გამოყენების შესახებ.ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას პირადი მონაცემების უკანონო გავრცელებისთვის. თუმცა კანონი არ ითვალისწინებს რაიმე პროცედურას უწყებებს შორის მონაცემთა გადაცემის შესახებ. არ არსებობს ფარული მიყურადებით მიღებული მონაცემების ფილტრაციის და კონფიდენციალობის შენარჩუნების წესები.ეს კანონი აღნიშნავს, რომ მოპოვებული მონაცემები, რომლებიც არ უკავშირდება პირის კრიმინალურ ქმედებებს, მაგრამ შეიცავს მის კავშირს ქმედებასთან, არ უნდა იქნას შენახული და დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ეს მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმია, მაგრამ მისი გამოყენება შეზღუდულია, რადგან იგი კომპეტენტურ ორგანოს არ ავალდებულებს, წაშალოს მოსმენით მოპოვებული სხვა პირადი ინფორმაცია, რომელიც არ უკავშირდება კრიმინალურ ქმედებას და არ წარმოადგენს მამხილებელ მასალას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მართალია ამ კუთხით კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შესულია ცვლილებები და რიგი საკითხები ახლებურადაა დარეგულირებული, გათვალისწინებულია საერთაშორისი სტანდარტები და პრეცედენტები, კანონმდებლობა მაინც არ არის იმ დონის, რომ ეფექტიანად განხორციელდეს პრაქტიკაში და პასუხი გასცეს საერთაშორისო გამოწვევებს. ჩამოსაყალიბებელი, დასახვეწი და დასაკონკრეტებელია კანონმდებლობის მთელი რიგი ნორმები, რომელიც ამ საკითხს ეხება. ნათლად უნდა იყოს დანახული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების ჩატარების ამოცანები და მიზნები. უნდა განისაზღვროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანშეწონილობის სტანდარტები ვითარების მიხედვით და უნდა შეიზღუდოს პროცედურების გამოყენება რიგ შემთხვევებში. გამკაცრდეს კონტროლი სამეთვალყურეო ორგანოს მიერ და საჭიროების შემთხევაში დაინიშნოს მკაცრი სანქციები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს იმ დანაშაულის კატეგორიებს, რომლის დროსაც არის  მიზანშეწონილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მაინც ვფიქრობ, რომ არ არის მინიმუმამდე დაყვანილი მათი ჩატარების ფარგლები და საჭიროების შემთხვევაში ეს ფაქტორი შეიძლება კანონდარღვევის საფუძველი გახდეს.იმედი მაქვს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ხელს  შეუწყოფს მაღალი სტანდარტების დანერგვას ამ კუთხის და შეამცირებს პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევებს.

ჩემი აზრით, იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იქნეს დარღვევისგან, საჭიროა შეიქმნას ზემოთ უკვე ნახსენები ნეიტრალური ორგანო, რომელსაც ერთადერთს ექნება წვდომა ფარული მოსმენების, ვიდეოთვალთვალის ტექნიკური საშუალებების პირდაპირ მექანიზმებთან. საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანო მიმართავს და წარუდგენს მას სასამართლოს ნებართვას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე და ამის საფუძველზე მოხდება ადამიანის ამ კონსტიტუციური უფლების დარღვევა. ასეთ ორგანოზე კონტროლის ფუნქცია კი ექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორუფცია ან კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე უფლების დარღვევა.